ბლოგი უროლოგიაზე

ურეთრის ნაცხის პჯრ მეთოდიკით კვლევის დასკვნა - ტრიქომონა (დადებითი)



აი უკვე მერამდენე პაციენტის, ურეთრის ნაცხის პჯრ მეთოდიკით, კვლევის დასკვნაში ვხედავ ტრიქომონას არსებობის დადებით შედეგს. ტრიქომონით გამოწვეულ ინფექციას ცალკე სტატია დაუთმე ჩემს საიტზე. ამ პოსტში კი, მინდა კიდევ ერთხელ, მოკლედ, შევეხო ამ ერთუჯრედიანი პარაზიტის, ტრიქომონის მიერ გამოწვეულ ინფექციას რომელსაც შესაბამისად ტრიქომონიაზი ჰქვია.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს პარაზიტი ვრცელდება სექსუალური კონტაქტის შედეგად (თუ პარტნიორს აქვს ტრიქომონა), ამიტომ მის მიერ გამოწვეული ინფექცია შედის სექსუალური გზით გადაცემულ ინფექციათა რიცხვში.

ინფიცირების რიცხვი მატულობს ყოველ წელს. ჩემი აზრით ეს გამოწვეულია ოთხი ფაქტორის გამო.

პირველი - დაცული სექსი (პრეზერვატივით) არ არის პოპულარული ჩვენთან, ძალიან ბევრს ურჩევნია პრეზერვატივის გარეშე კონტაქტი.

მეორე- ტრიქომონიაზით ინფიცირებულ პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ ჩივილები, არ ხდება მათი მიმართვა ექიმთან და განაგრძობენ სხვა ადამიანების ინფიცირებას ამ პარაზიტით.

მესამე- დიაგნოსტიკის არასრულყოფილი მეთოდიკები. საქართველოში ნაცხის ბაქტერიოსკოპიას უფრო მიმართავენ, ვიდრე პჯრ მეთოდიკას.

მეოთხე- ხშირად, არასწორი მკურნალობის სქემების გამოყენება ვლინდება ხოლმე.

ტრიქომონიაზით ინფიცირებულ მამაკაცებს აღენიშნებათ შემდგომი სიმპტომები:

- წვის შეგრძნება ურეთრაში (შარდსადენი მილი) მოშარდვის შემდეგ

- წვის შეგრძნება ურეთრაში ეაკულაციის (სპერმის გამოსვლა) შემდეგ

- ქავილის ან/და გაღიზიანების შეგრძნება სასქესო ასოში (ურეთრაში)

ამ ინფექციის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა ნაცხის პჯრ მეთოდიკით კვლევის ჩატარება. ასევე დიაგნოსტიკის ამ მეთოდიკას უნდა მიმართოს ექიმმა ნებისმიერი, სექსუალური გზით გადაცემული, ინფექციების არსებობობის ეჭვის დროს. თუ დადებითი შედეგი გამოვლინდა, თქვენი მკურნალი ექიმი უროლოგი დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას (ანტიმიკრობული და ანტიპროტოზული საშუალებები). მკურნალობის დროს არ შეიძლება სექსუალური კონტაქტი და ალკოჰოლის მიღება. ასევე თქვენ მკურნალ ექიმს უნდა შეატყობინოთ თუ ღებულობთ პარალელურად სხვა მედიკამენტებს (სხვადასხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად).

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ რეკომენდირებულია საკონტროლო ტესტის ჩატარება, რათა გამოირიცხოს ტრიქომონის არსებობა.

ერთადერთი საშუალება რომ მთლიანად დავიცვათ თავი ტრიქომონისგან- ეს არის უარის თქმა სექსზე. ასე რომ დაიცავით თავი სექსის დროს პრეზერვატივით, რომელსაც თითქმის ნულამდე დაყავს ტრიქომონიაზითა და სხვა სექსუალური გზით გადაცემული ინფექციებით ინფიცირების რისკი. ლატექსის პრეზერვატივი, დღესდღეობით უსაფრთხო სექსის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

გისურვებთ უსაფრთხო და მშვიდ სექსუალურ ცხოვრებას.



უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.
გამოგზავნილია: პჯრ_დიაგნოსტიკა, სექსუალური_გზით_გადამდები_ინფექციები, ტრიქომონა, ტრიქომონიაზი