ბლოგი უროლოგიაზე

ერითროციტები და შარდი



ამ პოსტში მინდა განვიხილო ისეთი კლინიკური ჩივილი, როგორიცაა სისხლიანი შარდი (ჰემატურია), სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) შარდში მოხვედრა. ჰემატურია შესაძლებელია იყოს როგორც მაკრო, ასევე მიკრო. მაკროჰემატურიის დროს პაციენტი აშკარად ხედავს, რომ მისი შარდი წითლად არის შეფერილი. მიკროჰემატურიის დიაგნოსტირება კი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად არის შესაძლებელი.

ბევრი ჩემი პაციენტი ამ მოვლენას ყურადღებას არ აქცევს და სიმპტომის თავისთავად გაქრობის იმედზეა. ხშირად ჰგონიათ, რაკი შეუიარაღებელი თვალით შარდში სისხლი აღარ ჩანს, ე.ი. სისხლდენა შეწყდა. სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ჰემატურია ჩვენთვის უხილავად გრძელდება. გირჩევთ, არ უგულებელყოთ ეს სიმპტომი და ექიმ უროლოგს მიმართოთ, რათა მან სწორად და დროულად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა, დასვას კლინიკური დიაგნოზი და სათანადო მკურნალობა დანიშნოს.

იმ დაავადებებს შორის, რომლების სიმპტომიც ჰემატურია შეიძლება იყოს, ერთ–ერთი და ყველაზე საშიში სიმსივნეა (თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო და სხვ.), ამიტომ დაუშვებელია ჰემატურია უყურადღებოდ დავტოვოთ და არაფერი ვიღონოთ. დიაგნოსტიკა მწეველ პაციენტებში უფრო აქტუალურია, რადგან კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს მოხმარება 50%-ით ზრდის შარდის ბუშტისა და, ნაწილობრივ, თირკმლის კიბოს განვითარების რისკს.

გამოვყოთ ის ხუთი დაავადება, რომლებსაც ყველაზე ხშირად ახლავს სისხლიანი შარდი:

- შარდ-კენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი). თირკმელში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტსა და შარდსადენ მილში (ურეთრა) კენჭების არსებობის დროს შესაძლებელია განვითარდეს მიკრო- ან მაკროჰემატურია.

- ონკოლოგიური დაავადებები. აღსანიშნავია, რომ მიკროჰემატურია თირკმლისა და შარდის ბუშტის სიმსივნის ერთ–ერთი ადრეული სიმპტომია. სიმსივნის პროგრესირებასა და მოცულობის ზრდასთან ერთად, მიკროჰემატურია მაკროჰემატურიით იცვლება და პაციენტი შეუიარაღებელი თვალით ხედავს წითლად შეფერილ შარდს.

- შარდსასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. ჰემატურია შესაძლოა იყოს პიელონეფრიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, ორქიტის, ეპიდიდიმიტისა და ურეთრიტის სიმპტომი. სათანადო მკურნალობის შედეგად აღარ ვლინდება არც დაავადება და არც ეს სიმპტომი.

- შარდსასქესო ორგანოების ტრავმული დაზიანებები. ტრავმის დროს ზიანდება ორგანოების ანატომიური სტრუქტურა, რაც ჰემატურიას იწვევს.

- გლუმერულონეფრიტი. ის აუტოიმუნური დაავადებაა და თირკმლის გორგლების დაზიანებას იწვევს.



ჰემატურია ასევე შესაძლოა განვითარდეს პროსტატის სხვა დაავადებების დროს (პროსტატის ადენომა, პროსტატის კიბო). აქვე უნდა ითქვას, რომ სისხლის შარდში მოხვედრა შესაძლოა შარდსასქესო სისტემის სისხლძარღვთა სხვადასხვა ანომალიის, ასევე სისხლის დაავადებების შედეგად განვითარდეს.

ასე რომ, გირჩევთ, თუ შარდში წითელ ფერს შენიშნავთ, ექიმ უროლოგს მიმართეთ. პროფილაქტიკის მიზნით გაიკეთეთ ხოლმე შარდის საერთო ანალიზი. ამ სიმპტომის გამოვლენისას პაციენტისა და ექიმი უროლოგის მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო. აუცილებელია მიზეზის დროული დადგენა (დიაგნოსტირება) და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

გისურვებთ თქვენი შარდი იყოს ჩალისფერი და გამჭვირვალე, ყოველგვარი ერითროციტებისა და სხვა ელემენტების გარეშე.



თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: სისხლი_შარდში, სისხლიანი_შარდი, ჰემატურია