ბლოგი უროლოგიაზე

უროლოგთან ვიზიტი



ამ პოსტში გესაუბრებით იმ ვითარებებსა და შემთხვევებზე, როდესაც რეკომენდებულია ექიმ-უროლოგთან ვიზიტი.

ფიტნესის დარბაზიდან დაბრუნებულმა 48 წლის მამაკაცმა შარდში სისხლი შენიშნა. მიმართა ოჯახის ექიმს, რომელმაც შარდის საერთო და ულტრაბგერითი კვლევები ჩაუტარა და რადგან პათოლოგიური პროცესები არ გამოვლინდა, პაციენტი დაამშვიდა და სისხლიანი შარდი ფიზიკურ დატვირთვებს დააბრალა. სამწუხაროდ, ორი წლის შემდეგ ეს პაციენტი უროლოგიურ განყოფილებაში შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოზით დააწვინეს. ხშირად კლინიკური შემთხვევები ცდება ოჯახის ექიმის კომპეტენციას და სათანადო სპეციალისტის ჩარევა აუცილებელია.

მინდა მოგაწოდოთ ზოგადი რეკომენდაციები, თუ როდის არის საჭირო მიმართოთ ექიმ-უროლოგს, რათა მან სათანადოდ შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და სწორად დაგეგმოს შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ქმედებები.

- თუ გრძნობთ ტკივილს სათესლე ჯირკვლების არეში ან რაიმე წარმონაქმნი გესინჯებათ, მიმართეთ ექიმ-უროლოგს. მთავარია გამოირიცხოს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა ან სიმსივნე. ამიტომ აუცილებელია მყისიერი სამედიცინო ჩარევა. პათოლოგიური პროცესების დროს წარიმართება სათანადო გეგმიური მკურნალობა. სამწუხაროდ, ბევრი პაციენტი რამდენიმე თვის განმავლობაში დადის არადიაგნოსტირებული სათესლე ჯირკვლების სიმსივნით და ექიმ-უროლოგს დროულად არ მიმართავს.

- თუ ერთხელ მაინც შეამჩნიეთ სისხლიანი შარდი, მიმართეთ ექიმ-უროლოგს. შარდში სისხლის თვალით ხილულ შერევას მაკროჰემატურია ჰქვია. პროცესი შეიძლება ჩვენი თვალისათვის უხილავადაც მიმდინარეობდეს, მას მიკროჰემატურია ეწოდება და გამოვლენა მხოლოდ შარდის საერთო ანალიზით შეიძლება. ორივე შემთხვევა, მიკრო- და მაკროჰემატურიაც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. რასაკვირველია, შეიძლება არაფერი სერიოზული არ აღმოჩნდეს, მაგრამ აუცილებელია გამოირიცხოს ისეთი პროცესები, როგორებიცაა, მაგალითად, თირკმლის ან შარდის ბუშტის სიმსივნე.

- თუ თქვენს ანალიზში დადგინდა საერთო პსა-ს დონის მომატება, ასევე თუ პროსტატის ულტრაბგერით კვლევაში საეჭვო ცვლილებები დაფიქსირდა, მიმართეთ ექიმ-უროლოგს. რასაკვირველია, პროსტატის კიბოს კლინიკურ დიაგნოზს მხოლოდ ამ კვლევების საფუძველზე ვერ დავსვამთ, მაგრამ უროლოგის მეთვალყურეობა და სათანადო მიდგომა რეკომენდებულია. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება პროსტატის ბიოფსია და შემდგომი მკურნალობა მისი შედეგების საფუძველზე წარიმართება.

- თუ შარდვა გიძნელდებათ ან გაქვთ მწვავე შეკავება, მიმართეთ ექიმ-უროლოგს. რეკომენდებულია დიაგნოსტიკური მეთოდებით დადგინდეს მოშარდვის დარღვევის მიზეზები (პროსტატის ადენომა, ნეირო და არანეირო დარღვევები) და შემდეგ სათანადო მკურნალობა ჩატარდეს.

- კენჭები საშარდე სისტემაში არის კიდევ ერთი მიზეზი მივმართოთ უროლოგს. კენჭებით გამოწვეული ტკივილების კუპირება სხვა ექიმებსაც შეუძლიათ, მაგრამ ამ დაავადებების მართვა, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს კენჭი - თირკმელში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში თუ შარდსადენ მილში, მხოლოდ უროლოგის კომპეტენციაა. მკურნალობა მოიცავს როგორც თერაპიულ, ასევე ქირურგიულ მიდგომებს.

- თუ თქვენ დაგიდგინდათ თირკმლის კისტა ან თირკმლის ნებისმიერი სახის ქსოვილოვანი წარმონაქმნი, მიმართეთ ექიმ-უროლოგს. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია სწორად და დროულად ჩატარდეს სხვადასხვა გამოკვლევა, რათა ექიმ-უროლოგმა განსაზღვროს თქვენთვის სათანადო სამკურნალო სქემა.

- მამაკაცის უნაყოფობისას რეკომენდებულია პაციენტის კომპლექსური გამოკვლევა. უშვილობის გამოწვევა სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს შეუძლია. მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა მისი წარმოქმნის მიზეზზეა დამოკიდებული. შარდსასქესო ორგანოების ანომალიების, ასევე ვარიკოცელეს განვითარების შემთხვევაში, მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას. ენდოკრინული დარღვევები კი უმეტესად ჰორმონულ თერაპიას ექვემდებარება.

თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვადასხვა საფრთხის სათანადოდ შესაფასებლად დროულად მიმართეთ ექიმ უროლოგს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სწორად წარიმართოს.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.
გამოგზავნილია: გართულებული_შარდვა, ვიზიტი_უროლოგთან, თირკმლის_კისტა, კენჭები_შაშარდე_სისტემაში, მამაკაცის_უნაყოფობა, პსა,, სისხლი_შარდში, ტკივილი_სათესლე_ჯირკვლებში, უროლოგი, შარდვა, შარდის_შეკავება,, ხშირი