ბლოგი უროლოგიაზე

როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი მამაკაცობა?



ამ პოსტის თემა – ტესტოსტერონი, დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ. ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ ის მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონია. ინტერნეტსივრცე აჭრელებულია ზღვა ინფორმაციით მის შესახებ, ჩემი პოსტის დაწერის მიზეზიც სწორედ ეს არის. ის, რაც მე ამ თემაზე მინდა გითხრათ, არც ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია და არც კომერციულ ინტერესებს ემსახურება, არამედ კლინიკურად არის დამტკიცებული.

უპირველესად, მინდა ამ ჰორმონის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ტესტოსტერონს ძირითადად მამაკაცის სათესლე ჯირკვლები, მცირე რაოდენობით კი თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს. ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს ჰიპოფიზი (თავის ტვინის ქვედა დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი) აკონტროლებს. როდესაც ამ ჰორმონის დონე მცირდება, ჰიპოფიზი მალუტეინიზირებულ ჰორმონს გამოყოფს, რომელიც, თავის მხრივ, ატყობინებს სათესლე ჯირკვლებს, რომ მეტი ტესტოსტერონი აწარმოონ. სქესობრივ მომწიფებამდე ამ ჰორმონის დონე ორგანიზმში მცირეა. შემდეგ იმატებს და ხმის დაბოხებას, კუნთების განვითარებას, სპერმის გამომუშავებას, სახეზე და სასქესო ორგანოების არეში თმების ამოსვლას განაპირობებს. მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ ზღვარს ორმოცი წლის ასაკში აღწევს, შემდეგ კი თანდათან იკლებს. ტესტოსტერონის უმეტესი ნაწილი ორგანიზმში სპეციალურ ცილას უერთდება, ხოლო დანარჩენს გამოყოფენ როგორც თავისუფალ ტესტოსტერონს.

ტესტოსტერონის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია, როდესაც პაციენტს სექსუალური დისფუნქცია ან ისეთი პათოლოგიები აღენიშნება, როგორებიცაა ჰიპერთირეოზი ან თირკმლის დაავადებები. ტესტოსტერონის დონე დღის განმავლობაში იცვლება - დილით მაღალია, საღამოს კი იკლებს.

სწორედ ტესტოსტერონი განაპირობებს მამაკაცის სექსუალობას, ლიბიდოს სიძლიერეს, სასქესო ორგანოებისა და მამაკაცობის განმსაზღვრელი ნიშნების ჩამოყალიბებას და შესაძლებელს ხდის ერექციული ფუნქციის შესრულებას. ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის შემცირება უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. ასაკის მატებასთან ერთად ეს გარდაუვალია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არის დაავადებები, რომლებიც ტესტოსტერონის მკვეთრად დაბალი დონით ხასიათდება, მაგალითად, ჰიპოგონადიზმი. ამ დაავადებას მე სტატიაც მიუძღვენი.

ტესტოსტერონის დაბალი დონე შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიის დროს გამოვლინდეს. განვიხილოთ ყველაზე ხშირი კლინიკური მდგომარეობები, რომლებიც ტესტოსტერონს მჭიდროდ უკავშირდება:

- დეპრესია - სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ იმ მამაკაცების უმრავლესობას, რომლებსაც დეპრესია აწუხებს, ტესტოსტერონის დონის დაბალი მაჩვენებელი აღენიშნება

- ერექციული დისფუნქცია - ერექციის დაქვეითება ტესტოსტერონის დონის შემცირების მეტად გავრცელებული გამოვლინებაა. ერექციული დისფუნქციის შემთხვევების უმეტესობას ათეროსკლეროზი (სისხლძარღვთა მძიმე, პროგრესირებადი დაავადება) განაპირობებს

- მაღალი არტერიული წნევა - ტესტოსტერონის ზემოქმედება არტერიულ წნევაზე ძალიან რთული და მრავალფეროვანია. მაღალი წნევის მატარებელ მამაკაცებში ამ ჰორმონის დაბალი დონე ორჯერ უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ნორმალური წნევის მქონე მამაკაცებში. გარდა ამისა, ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალ შემცველობას შეუძლია არტერიული წნევის მომატება განაპირობოს.

საქმე ის არის, რომ ზოგიერთი იმ ფაქტორთაგანი, რომლებიც უშუალოდ ვნებს ჩვენს მამაკაცურობასა და სიძლიერეს, ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვარეგულიროთ. ასეთებია, უპირველესად, ჭარბი წონა, ალკოჰოლი, ნიკოტინი, სტრესი, უძილობა – ასეთი პაციენტების 30% ღამის ძილის რეჟიმის დარღვევით გამოირჩევა.

მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო კვლევას ეფუძნება:

1. არასოდეს მიიღოთ ტესტოსტერონი თვითნებურად. გადაწყვეტილება, გესაჭიროებათ თუ არა ჰორმონალური თერაპია, ენდოკრინოლოგსა და უროლოგ-ანდროლოგს ანდეთ.

2. მიხედეთ ჭარბ წონას, იცოდეთ, რომ ის ანადგურებს თქვენს მამაკაცურ ფუნქციას და ხელს უშლის ბევრი სხვა ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აირჩიეთ ჯანსაღი კვება.

3. მოეშვით ამდენი ალკოჰოლის მიღებას. შეკითხვაზე, ღებულობთ თუ არა ალკოჰოლს, თითქმის ყველა პაციენტი მპასუხობს: „რა თქმა უნდა, ექიმო! როგორც ყველა ქართველი!“ სხვათა შორის, მოსკოვში 14 წელიწადი გავატარე და უკვე იქაც აღარ სვამენ იმდენს, რამდენსაც აქ. დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და დაუმეგობრდით მას.

4. აღმოფხვერით თქვენი ცხოვრების წესიდან ღამისთევა. დაარეგულირეთ ძილი. 8-საათიანი ღამის ძილი თქვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და გასაღებია.

5. სიგარეტი. მთელი ძალები იქით მიმართეთ, რომ მავნე ჩვევისაგან გათავისუფლდეთ და არ იყოთ დამოკიდებული ამ პატარა შხამიან ჩხირებზე.

იყავით ჭეშმარიტი მამაკაცები!

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: ტესტოსტერონი, ტესტოსტერონის_დაქვეითება