ბლოგი უროლოგიაზე

თეთრი ხაჭოსებრი ნადები





გამარჯობა, ბატონო კონსტანტინე, როგორ ბრძანდებით?

- კარგად, გმადლობთ. თქვენ? დაბრძანდით, ბატონო.

- ექიმო, უნდა მიშველოთ! ორი დღეა გიჟივითა ვარ! რამე უნდა მომიხერხოთ!

- დაწყნარდით, ბატონო, და ყველაფერი დეტალურად მიამბეთ.

- ორი დღეა, ექიმო, ასოს თავზე თეთრი ხაჭოსებრი ნადები მიჩნდება, საშინლად მექავება, სპეციფიკურ სუნსაც ვგრძნობ, ასოს თავი და ჩუჩი კი უჩვეულოდ გამიწითლდა!

პაციენტი გავსინჯე, მისი მდგომარეობა დეტალურად შევისწავლე, ჩავუტარე ნაცხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისა (პჯრ) და ეაკულატის ბაქტერიოლოგიური კვლევა. გამოკვლევამ მიჩვენა, რომ პაციენტს კანდიდას ტიპის სოკოვანი ინფექცია ჰქონდა - კანდიდოზი. მივეცი სათანადო რეკომენდაცია და დავემშვიდობე.

სამი კვირის შემდეგ კარი იმავე პაციენტმა შემოაღო და მიამბო, რომ მკურნალობის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მეუღლესთან სქესობრივი აქტის შემდეგ ჩივილები განუახლდა. გაირკვა, რომ ჩემი რეკომენდაციის მიუხედავად, მისი მეუღლე არ მისულა გინეკოლოგთან სამკურნალოდ. დაავადების რეციდივი სწორედ ამიტომ მივიღეთ. პაციენტს კიდევ ერთხელ ავუხსენი ამ პათოლოგიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი და რეცეპტებით ხელში სამკურნალოდ გავისტუმრე. ორი კვირის შემდეგ კაბინეტთან იგივე პაციენტი რომ ვნახე, ცოტა არ იყოს, გავოცდი. აღმოჩნდა, რომ ჩემი პაციენტი სიმპტომების გაქრობით იყო გახარებული და მისი მეუღლეც გინეკოლოგთან მისვლისა მკურნალობის შემდეგ აღარაფერს უჩიოდა. ერთმანეთს პოზიტიურ ნოტზე დავემშვიდობეთ.

კანდიდოზი (რძიანა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. მას კანდიდას ტიპის საფუარისმაგვარი მიკროსკოპული სოკო იწვევს. სოკო ყოველი ადამიანის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელია, რომელიც გარკვეული პირობების ზემოქმედების შედეგად „იღვიძებს“, გამრავლებას იწყებს და შინაგან ორგანოებსა და ლორწოვან გარსს აზიანებს.

საფუარისმაგვარი სოკოებით გამოწვეული დაავადება ოფიციალურად არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ უპირატესად სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ვლინდება. პაციენტებს აღენიშნება:

- თეთრი ხაჭოსებრი ნადები ასოზე

- ასოს თავისა და ჩუჩის სიწითლე

- გამონაყარი ასოს თავზე

- ქავილი

- წვა და დისკომფორტი ასოს თავისა და ჩუჩის არეში

თუ ზემოაღნიშნული ჩივილები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმ-უროლოგს. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდოზთან ერთად შესაძლოა სხვა ინფექციების არსებობაც დადგინდეს. არ გადადოთ დიაგნოსტიკა და, შესაბამისად, სწორი მკურნალობა.

გისურვებთ კომფორტულ ცხოვრებას.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: კანდიდა, კანდიდოზი, პჯრ_კვლევა, რძიანა, ხაჭოსებრი_ნადები