ბლოგი უროლოგიაზე

პსა (PSA)



მედიცინა უხსოვარი დროიდან ადამიანთა ჯანმრთელობის სადარაჯოზეა. სამედიცინო ცოდნის და მიდგომის განუწყვეტელი პროგრესის შედეგად ადამიანთა სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა მატულობს. ამ პროგრესის ერთ-ერთი მექანიზმია სხვადასხვა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, როდესაც უფრო რეალური და შედარებით ადვილია მათი დამარცხება და პაციენტის სრული განკურნება.

ადრეული დიაგნოსტიკა მეტად აქტუალურია ონკოლოგიაში, სადაც საწყის სტადიებზე სიმსივნის მკურნალობა გაცილებით შედეგიანია. ონკოლოგიაში ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების განვითარებამ განსაკუთრებით მნიშნელოვნად იმოქმედა პროსტატის კიბოს მკურნალობაზე რამაც, თავის მხრივ, კარდინალური ცვლილებები მოახდინა უროლოგიაში. თუ 25-30 წლის წინ პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება უმეტესად მისი მნიშვნელოვნად მეტასტაზირების სტადიაზე ხდებოდა, დღეს სურათი განსხვავებულია. თანამედროვე უროლოგია შესაძლებელს ხდის პროსტატის კიბოს ისეთ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას, როცა ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ პაციენტის სრულად გამოჯანმრთელებას. ხშირად კი საერთოდ არ ხდება საჭირო დაუყოვნებლივი ჩარევა.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა ერთი, შედარებით მარტივი, ტესტის გამოგონებამ, რომელსაც დღეს პროსტატო სპეციფიურ ანტიგენს ვუწოდებთ.

თუმცა, მოდით დავიწყოთ ისტორიით...

1970 წელი. ამერიკის შეერთებული შტატები. რიჩარდ აბლინი საბოლოოდ რწმუნდება, რომ ცილას, რომელსაც მან მიაკვლია, მხოლოდ პროსტატის უჯრედები წარმოქმნიან. ამ დასკვნამდე 80-იან წლებში კიდევ ათამდე მკვლევართა ჯგუფი მივიდა. აბლინის მიმდევარმა ჩუ მინმა კი 1984 წელს დააპატენტა კიდეც ეს აღმოჩენა. ასე დაიწყო პროსტატო სპეციფიურმა ანტიგენმა (პსა / PSA) სამედიცინო სფეროში დამკვიდრება.

ამ ამბების შემდეგ პსა-ზე უამრავი კვლევა ჩატარდა. ბევრი ჯილდო და პრემია გაიცა. ბევრმა მეცნიერმა მოიპოვა აღიარება პსა-სთან დაკავშირებული კვლევების საფუძველზე. ბევრი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ბევრი კლინიკური შემთხვევის სწორად მართვა გახდა შესაძლებელი.

ჩემ ამ პოსტში შევეცდები მოკლედ შევაჯამო ამ ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომის შედეგი და გაგაცნოთ რა სარგებლობა მოუტანა კაცობრიობას დაგროვილმა ცოდნამ ამ სფეროში. უფრო კონკრეტულად კი - რა არის პსა და რატომ არის რეკომენდებული პერიოდულად მისი შემოწმება.

დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ცილა რომელსაც მხოლოდ პროსტატის უჯრედები წარმოქმნიან, შემდგომ ის სეკრეტირდება სათესლე სითხეში და ათხევადებს მას. პროსტატო-სპეციფიური ანტიგენის გარეშე სპერმა სქელი, გელის მაგვარი კონსისტენციის იქნებოდა.

პსა-ს 2 ფორმა არსებობს - თავისუფალი ფორმა (fPSA - 5-35%) და პროთეაზ ინჰიბიტორებზე დამოკიდებული (65-95%). ეს ორი ფორმა ჯამში ადგენს მაჩვენებელს რომელსაც საერთო პსა-ს (Total PSA) ვუწოდებთ.

მიუხედავად იმისა, რომ პსა-ს გამოყენებამ რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში, მნიშნელოვანია ვიცოდეთ, რომ პსა არის პროსტატო-სპეციფიური და არა ონკოლოგიური მარკერი. უფრო მარიტვად რომ ვთქვათ, პსა-ს დონის მატება ხდება არა მხოლოდ პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის დროს, არამედ ეს შესაძლოა გამოვლინდეს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ან წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესების მიმდინარეობის დროს, და სხვა კლინიკურ და ცხოვრებისეულ შემთხვევებში (მაგალითად ეაკულაცია, პროსტატის ფიზიოთერაპია, ცისტოსკოპია და ა.შ.) კიდევ უფრო მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ - ეს ნიშნავს, რომ PSA არ ავლენს პროსტატის კიბოს. მისი მთავარი ფუნქციაა პროსტატის კიბოს არსებობის რისკის ჩვენება.

ვინაიდან პსა-ს დონის მომატება სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს, პსა-ს დონის განსაზღვრისას მისი რეალური მომატების გამოსავლენად, მნიშნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი ვითარებანი:

- რეკომენდებულია ეაკულაციისგან თავის შეკავება (სულ მცირე 48 საათი) ანალიზის აღებამდე, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვრიცხოთ პსა-ს დონის ცრუ მომატება.

- თითით რექტალურ კვლევას აქვს მინიმალური გავლენა პსა-ს დონეზე, და არ მიიჩნევა კლინიკურად მნიშვნელოვანად. თუმცა პროსტატის ფიზიოთერაპიის კურსმა შესაძლოა მნიშნელოვნად იმოქმედოს პსა-ს დონეზე. ამიტომ მიზანშეწონილია ჩატარდეს პსა-ს დონის კვლევა პროცედურის შემდეგ არანაკლებ 3 დღისა.

- პროსტატის ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა გავლენას ახდენს სისხლის შრატის PSA-ის დონეზე, ამიტომ მიზანშეწონილია განვსაზღვროთ PSA კვლევის შემდეგ არანაკლებ 2 კვირისა.

- პროსტატის ბიოფსიის ჩატარების შემდეგ PSA-ის დონე საგრძნობლად იმატებს. რეკომენდებულია PSA-ის დონის კვლევის ჩატარება აღნიშნული ჩარევიდან არანაკლებ 6 კვირის შემდეგ.

- პაციენტებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში პროსტატის ადენომის სამკურნალოდ იღებდნენ 5-α-რედუქტაზის ინჰიბიტორებს (დუტასტერიდი), PSA-ის დონე სისხლში უმცირდებათ 50%-მდე, რაც აუცილებელად უნდა ჩაითვალოს სკრინინგის შედეგების ინტერპრეტაციად;

- აგრეთვე ცისტოსკოპია ზრდის PSA-ის დონეს.

მინდა ავღნიშნო, რომ არ არსებობს პსა-ს დონის ის ნიშნული, რომელიც პროსტატის კიბოს 100%-ით გამორიცხავს. თუმცაღა ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თუ სისხლში პსა-ს დონე 2.5 ნგ/მლ-ზე ნაკლებია, სიმსივნის რისკი მინიმალურია. პროსტატის კიბოს რისკი ვარირებს პსა-ს დონის მიხედვით. 40 წელს გადაცილებული მამაკაცების 97%-ისთვის პსა-ს დონე 4.0 ნგ/მლ-ის ქვემოთ მიღებულია ზღვრულ ნიშნულად.

ბოლოსთვის მინდა 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჩამოვაყალიბო.

- პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ ანალიზი რომელიც განსაზღვრავს საერთო პსა-ს დონეს სისხლში.

- კვლევის ჩატარების წინ გაითალისწინეთ ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც ზემოთ ავღწერე, რომ არ მოხდეს პსა-ს დონის არასწორი ინტერპრეტაცია.

- მიმართეთ ექიმ უროლოგს, რათა მან გაანალიზოს კვლევის შედეგები და წარმართოს სწორი ქმედებები. გაითვალისწინეთ, რომ პსა-ს დონის გამოკვლევა შესაძლებელს ხდის წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოს გამოვლვენას მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე, როდესაც შესაძლებელია ამ დაავადების სრული განკურნება.

ნუ შეუშინდებით და ნუ გადადებთ პროფილაქტიკურ შემოწმებებს, ისინი ყოველთვის თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე არიან.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: psa, პროსტატა, პროსტატისკიბო, პროსტატოსპეციფიურიანტიგენი, პსა, პსატესტი