ბლოგი უროლოგიაზე

დავიწყებული პროსტატა



ღამის 2 საათზე მირეკავს ტელეფონი.

- ბატონო კონსტანტინე! გივი ვარ, მიშველეთ ცუდად ვარ!!!

დავიბენი...

- რომელი გივი? რა ხდება?

- მთელი დღეა მინდა მოშარდვა და ვერ ვშარდავ და ახლა ძალიან მტკივა, ჭიპთან, წელზე, საშინლად ვარ, თქვენი პაციენტი ვარ 2 წლის წინათ ვიყავი.

ვურჩიე სასწრაფო გამოეძახებინა და საქმის კურსში ვყოლოდი. დილით დავუკავშირდი და ერთ საათში მოვალო მითხრა.

აი გაიღო კარი და შემოდის შარდის მიმღებთან ერთად (შარდის ბუშტში ეყენა ურეთრალური კათეტერი, რომლის მეშვეობით შარდი პირდაპირ შარდის ბუშტიდან შარდის მიმღებში ჩადიოდა). რა მოხდა მეთქი? დაღვრემილი სახით ჩამოჯდა სკამზე და მიამბო თავისი გასაჭირი - თუ როგორ მოვიდა სასწრაფო, როგორ წაიყვანეს ‘ემერჯენს’-ში, როგორ ჩაუტარეს გამოკვლევები, მერე ძლივს ჩაუყენეს კათეტერი, მიიღეს 1200 მლ. შარდი და რეკომენდაციებით გაწერეს.

გამოვართვი ულტრაბგერითი კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც მისი პროსტატის ზომა 65 სმ3-ად იყო შეფასებული, ასევე აღწერილი იყო ორივე თირკმლის მენჯის დილატაცია (გადიდება) და შარდის ბუშტში 2 სანტიმეტრის სიდიდის კენჭი. ერთი კვირით ადრე ჩატარებული საერთო პსა-ს დონის კვლევა პსა-ს დონეს 1.2 ნიშნულზე აღწერდა. ასევე გავიხსენეთ მისი წინა კლინიკური შემთხვევა.

ეს პაციენტი პირველად იყო 2 წლის წინ, პროფილაქტიკურ კვლევებზე. დაუდგინდა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (ადენომა). მივეცი სათანადო რეკომენდაციები და დავიბარე ერთი თვის შემდეგ კონტროლზე. მაშინ პროსტატის ზომა 40 სმ3 იყო, არც შარდის ბუშტში იჭრებოდა, არც ნარჩენი შარდი ჰქონდა, საერთო პსა-ც ნორმის ფარგლებში იყო.

მაგრამ გავიდა ერთი თვე, მეორე, მესამე, წელიწადი, მეორე. პაციენტის თქმით, პერიოდულად აღენიშნებოდა შარდვის გართულება, მაგრამ მედღეხვალიობით მისი პროსტატა დავიწყებას მიეცა. ადენომა გაიზარდა, შეიჭრა შარდის ბუშტში, ურეთრაში, და ბოლოს შარდის მწვავე შეკავებაც განავითარა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსენა ბატონმა გივიმ თავისი პროსტატაც და მკურნალი ექიმიც...

პაციენტს ავუხსენი მისი მდგომარეობის ყველა კლინიკური ასპექტი. მივეცი ერთი კვირის განმავლობაში სათანადო რეკომენდაციები და დავიბარე შვიდი დღის შემდეგ იმ იმედით, რომ ამჯერად საკუთარ ჯანმრთელობას თავისუფალი დინებით არ მიუშვებდა.

ჩემ და მის სასიკეთოდ ერთი კვირის შემდეგ კაბინეტის კარზე დამიკაკუნა და მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა. ამოვიღე კათეტერი შარდის ბუშტიდან. გავუშვი ულტრაბგერით კვლევაზე, რომლის შედეგად 200 მლ. ნარჩენი შარდი დაფიქსირდა.

- სამწუხაროდ, ბატონო გივი, თქვენი პროსტატის ადენომისა და შარდის ბუშტის კენჭის გამო საოპერაციო ბრძანდებით;

- არა და ხომ შეიძლებოდა ამის აცილება, რომ არ მიმეშვა ეს ამბავი და არ დამევიწყებინა ჩემი პროსტატა?! - ამოიოხრა ბატონმა გივიმ.

დაიგეგმა ოპერაცია, ჩატარდა წინასაოპერაციო კვლევები და დანიშნულ დღეს შესრულდა კიდეც დაგეგმილი მანიპულაცია. მოხერხდა ორივე პრობლემის (ადენომა და შარდის ბუშტის კენჭი) აღმოფხვრა ენდოსკოპიური გზით. გაკეთდა პროსტატის ტურ-ი (TUR) და შარდის ბუშტიდან კენჭის ამოღება ტრანსლუმინალური ენდოსკოპიური მიდგომით (დახურული, უსისხლო ჩარევა - როგორც ხალხშია ცნობილი).

მეორე დღეს შევედი პალატაში. უკვე კარგ ხასიათზე დამხვდა, გაბადრული სახით. მალევე გავწერეთ სახლში განსაკუთრებული გართულებების გარეშე. ორი კვირის შემდეგ სამსახურსაც დაუბრუნდა და გააგრძელა თავისი ჩვეული ცხოვრება. ოღონდ, გადატანილი მძიმე გაკვეთილის შემდეგად, პროსტატა და ზოგადად უროლოგია მომავალში აღარ დაუვიწყებია.

დასასრულისკენ მინდა გირჩიოთ - ძვირფასო 40 წელს გადაცილებულო მამაკაცებო, არ დაივიწყოთ თქვენი პროსტატა. დაწყებული პათოლოგიური პროცესები სამწუხაროდ თავისით არ წყდება, არც უმჯობესდება. ბატონი გივის კლინიკური მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ ექიმისთვის დროული მიმართვა, ხშირ შემთხვევაში, თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნების და გაუმჯობესების ერთადერთი უტყუარი საშუალებაა.



პ.ს. საუკეთესო ოპერაცია არის ის ოპერაცია, რომლის თავიდან აცილებაც მოხერხდა.



თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

გამოგზავნილია: ადენომა, პროსტატა, შარდვისდარღვევები, შარდისშეკავება